Tuesday 21 October 2008

Gearn ქართულისა და “ირმის ნახტომის“ფარგლებში შემუშავებულმა საცდელმა და Gearn ქართულის პროექტებმა 30-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებში დიდი ინტერესი გამოიწვია.
სკოლაში ჩამოყალიბდა მოსწავლეთა ოთხი გუნდი, მიმდინარეობს მუშაობა რამდენიმე მიმართულებით.
თვალნათელია, რომ პროექტებზე მუშაობა ცოდნის შეძენა-გაღრმავებასთან ერთად მოსწავლეთა და მასწავლებელთა შორის თანამშრომლობით ურთიერთობას აყალიბებს.
IX კლასის მოსწავლეები __ გიორგი ჯანაშია, ამირან ქურციკიძე, ანა მედულაშვილი, მარიამ რეხვიაშვილი, სალომე სამუშია, __დაინტერესდნენ საცდელი პროექტით “მოგზაურობა ტაო-კლარჯეთში“. ამ პროქტის განხორციელების მიზნით, მოსწავლეები გართიანდნენ გუნდად “ყოჩები“.
საკვლევი თემა ტკივილთან ერთად იდუმალი და ამოუცნობია, თავისი ისტორიული წარსულით ესოდენ ახლო და დღევანდელობიდან გამომდინარე ესოდენ შორი.
დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყური დავუგდოთ ტაო-კლარჯეთის “ქვათა ღაღადს“.
მე ვიკვლევ“ სტრატეგიის გამოყენებით თემის ირგვლივ განვსაზღვრეთ ძირითადი საკითხები. კვლევითი მუშაობა ამჟამადაც მიმდინარეობს.
ინფორმაციის მოპოვების თვალსაზრისით, ვგეგმავთ კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის წარმომადგენელთან შეხვედრას; ივ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის პროფესორ ლევან მენაბდესათან შეხვედრა-ინტერვიუს; ეროვნულ ბიბილიოთეკაში შესაბამისი ლიტერატურული წყაროების მოძიებას.

საკვლევი საკითხები:

სახელწოდება „ტაო-კალარჯეთი“, “მესხეთი“
ტაო-კლარჯეთის კულტურული მემკვიდრეობა
ტაო-კლარჯეთი ქართულ ხალხურ და ლიტერატურულ წყაროებში
ცნობილი მესხები
ტაო-კლარჯეთი __ დღეს__ თურქეთის რესპუბლიკის ნაწილი

სახელწოდება „ტაო-კალარჯეთი“, “მესხეთი“

მოსწავლეებმა გამოთქვეს ვარაუდი, ეს სახელები უცხოურია და შესაძლოა ამ ტერიტორიაზე სახლობდნენ სხვა ქვეყნიდან ჩამოსახლებული ტომები.
ელექტრონული საძიებო სისტემების www.google.ge, www.vikipedia.org., აგრეთვე, ივ. ჯავახიშვილის რვატომეულის “საქართველოს ისტორია„(ტ.I-II), გამოყენებით გაირკვა, რომ ძველი ქართული წყაროები „მესხეთს“ არ ახსენებენ ამ მხარის სახელწოდებად, X-XVI სს-ში ზემო ქართლი იხმარებოდა. ანტიკურ წყაროებში (სტრაბონი) ეს ტერიტორია „მოსხიკეს“ სახელწოდებით მოიხსენიება. მის პარარელურად არსებობდა ტერმინები შიდა ქართლი და ქვემო ქართლი. ზემო ქართლი მოიცავდა ტერიტორიებს: აჭარა, კლარჯეთი, შავშეთი, ტაო, სპერი.
ამ ტერიტორიაზე უძველესი დროიდან სახლობდნენ ქართველები __ მესხები. აქედან მოდის მხარის სახელწოდებაც. საუკუნეთა განმავლობაში მესხეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა ადმინისტრაციული და პოლიტიკური ერთეულები არსებობდა: დიაოხი, ზაბახა, ვიტეროხი, კლარჯეთის, წუნდის და ოძრხის საერისთავოები, ქართველთა სამეფო ანუ ტაო-კლარჯეთის სამთავრო, სამცხე-საათაბაგო, ახალციხის საფაშო. IX-X სს-ში ტერიტორიაზე წარმოიქმნა ბაგრატიონთა სამეფო _ ცენტრი არტანუჯი.
დამატებითი ინფორმაციიის მოძიების მიზნით, განზრახული გვაქვს შეხვედრა ისტორიკოსს დ. შველიძეს.

ტაო-კლარჯეთის კულტურული მემკვიდრეობა


ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე მრავლადაა ქართული ეკლესია-მონასტრები.
მოსწავლეებმა დაუშვეს ჰოპოთეზა, ალბათ, ეკლესია-მონასტრების კომპლექსის ჩამოყალიბება ანსაზღვრა გეოგრაფიულმა მდებარეობამ, ამავე დროს, ეკლესია-მონასტრები წარმოადგენდა ხალხის თავშესაფარ და თავდაცვით ნაგებობას.
ელექტრონული საძიებო სისიტემების გამოყენებით მოვიძიეთ ტაო-კლარჯეთის კულტურული მემკვიდრეობის __ შატბერდი, ხანძთა, ოპიზა,... ამსახველი ფოტომასალა.
კვლევა გრძელდება.

ტაო-კლარჯეთი ქართულ ხალხურ და ლიტერატურულ წყაროებში

მოსწავლეების ვარაუდით, შესაძლოა მესხეთისა და კონკრეტულად ტაო-კლარჯეთთან დაკავშირებით არსებობდეს ხალხური თქმულებები, ლეგენდები ან იხსენიებოდეს ისტორიულ-ლიტერატურულ ხელნაწერებში.
მესხეთს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ქვეყნის პოლიტიკურ ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში, რასაც გამოჩენილ ქართველთა სიტყვებიც ადასტურებს:
„მესხეთი არის აკვანი საქართველოს დიდებისა...“ _ მოსე ჯანაშვილი.
„იქ გაფანტული კულტურის ნაშთები სულია ჩვენი ერისა“ _ ვაჟა-ფშაველა.
„აქ ოდიდგანვე ჟღერდა სიტყვა ქართული რუსთაველისა“ _ ვახუშტი ბაგრატიონი.
„ მესხეთი ქართველებისათვის ის არის სწავლა-განათლების საქმეში, რაც საბერძნეთი კაცობრიობისათვის“ _ მოსე ჯანაშვილი.
მუშაობა გრძელდება, იგეგმება შეხვედრა ეროვნული ბიბილიოთეკის დირექტორთან.

უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული ძეგლია გიორგი მერჩულეს “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“, სადაც ტაო-კლარჯეთის სამონასტრო კომპლექსის გაშენება-განვითარებაა აღნუსხული.
მოსწავლეებს ევალებათ “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან“ შესაბამისი ფრაგმენტების პერიფრაზირება.

ცნობილი მესხები

ცნობილი „მესხები?!“ __ არა ერთი და ორი... ამ შემთხვევაში მოსწავლეთა ვარაული ზოგადია, კონკრეტულობას მოკლებული.
ერთ-ერთი “ცნობილი“ მესხია აშოტ კურაპალატი __ ბაგრატიონთა დინასტიის ფუძემდებელი საქართველოში. ქართლის ერისმთავარი 786-813 წლებში. „ქართველთა სამეფოს“ _ ტაო-კლარჯეთის სამთავრო _ მთავარი 813-826 წლებში. დაახლოებით 809-810 წლებში აშოტი აუჯანყდა არაბებს და მცირე დროით გააძევა ისინი თბილისიდან, მაგრამ ბოლოს დამარცხდა და ქართლიდან სამხრეთ_დასავლეთ საქართველოში გაიქცა. აქ აშოტ ბაგრატიონმა საფუძველი ჩაუყარა ქართვეთა სამთავროს. 813 წელს მან კლარჯეთის თემში განაახლა არტანუჯის ციხე-სიმაგრე. აქ ააშენა ქალაქი, კარის ეკლესია, გაიჩინა სასაფლაო და იგი რეზიდენციად გაიხადა. დაიწყო გაპარტახებული ქვეყნის აღდგენა, საზღვრების გაფართოება. მის დროს სამთავროს ფარგლებში შედიოდა შავშეთი, კლარჯეთი, ნიგალი, აჭარა, ტაო, სპერი, სამცხე, ჯავახეთი, არტაანი. „მატიანე ქართლისაი“ -ს ცნობით 818 წელს მან გაილაშქრა კახეთის მთავრის, გრიგოლის წინააღდეგ. აშოტს ეხმარებოდა აფხაზთა მეფე თეოდოსი, ხოლო გრიგოლს-წანარები და თბილისის ამირა. აშოტმა დაიპყრო ქართლი და გააფართოვა თავისი ქვეყანა „კლარჯეთიდან ვიდრე ქსანამდე“. აშოტ I-ის დროს გრიგოლ ხანძთელის მოთავეობით სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში დაიწყო დიდი საეკლესიო მშენებლობა. აშენდა ხანძთა, აიგო და განახლდა ეკლესი მონასტრები. აშოტი არაბთა წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირა. იგი მოღალატეებმა ეკლესიაში საკურთხეველზე დააკლეს. აშოტ ბაგრატიონმა ვრცელი და ძლიერი სამთავრო შექმნა, რომელსაც დიდ ანგარიშს უწევდნენ მისი თანამედროვე ქართველი და უცხოელი სახელმწიფო მოღვაწეები. მის დროს განსაკუთრების აღზევდა ბაგრატიონთა გვარი. აშოტ I-ს სამი ძე დარჩა ადარნასე, ბაგრატი და გუაარი. მის რიცხვმრავალ შთამომავლობაში გამოიყოფა ორი მთავარი შტო: „კლარჯნი ხელმწიფენი“, „მეფენი ტაოსნი“ ამ უკანასკნელში IXს-ში მკვიდრდება „ქართველთა მეფობა“.

ტაო-კლარჯეთი __ დღეს__ თურქეთის რესპუბლიკის ნაწილი

მოსწავლეებმა გამოთქვეს ვარაუდი, მოსაზღვრე სახელმწიფოს მიერ დაპყრობილი ტერიტორია დაკარგა საქართველომ.
კვლევა გრძელდება.